უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭა პრემია - „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად, ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“ გასცემს.
ყოველწლიურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და ყველა გლობალურ დემოკრატიას უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა მათ, არ გაჩერდნენ საბოლოო გამარჯვებამდე.
„მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ ურყევი ერთობა, როგორც ეს არის ახლა, იმ დღემდე, როდესაც ჩვენ ყველანი გავიგებთ იმ მნიშვნელოვან სიტყვებს, რაზეც ვოცნებობდით... ვიდრე არ გავიგებთ, რომ მშვიდობა საბოლოოდ აღდგა. დემოკრატიები არ უნდა გაჩერდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთ პარტნიორებთან ერთად ავითარებენ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას - უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისა და ევროპისთვის, რომელიც არამხოლოდ გააძლიერებს გაეროს წესდების პრინციპებს, არამედ ერთგვარი მოდელი გახდება.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, კონგრესის ორივე პარტიას და თითოეულ ამერიკელს მხარდაჭერისთვის.
„გთხოვთ, იცოდეთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ არამხოლოდ ქვეყანას ან მის ლიდერს, თქვენ მხარს უჭერთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც თქვენ მსგავსად აფასებენ თავისუფლებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.